Sport.es: რიკი პუჩი "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს

Sport.es: რიკი პუჩი "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს "ბარსელონას" ნახევარმცველი რიკი პუჩი კატალონიური გრანდის დატოვებას არ აპირებს, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sport.es ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ფეხბურთელი მზადაა ძირითად თერთმეტეულში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლოს. იგი ბოლომდე აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი მას ჯერჯერობით არ ენდობა. ნახევარმცველმა მიღებული გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობას უკვე განუცხადა. შეხვედრას ესწრებოდნენ მისი მამა და აგენტი.

ორიოდე დღის წინ რონალდ კუმანმა ხსენებული ფეხბურთელის მიმართ შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა - "ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რომ თითქოს მის გამოყენებას არ ვაპირებ. მას გასულ საღამოს ვესაუბრე. ახალგაზრდა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ მისთვის სათამაშო პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია. არ შეიძლება, რომ ისინი მოედანზე არ გადიოდნენ. პუჩი, ალენია, პედრი... რიკის ვუთხარი, რომ ეს არ არის მარტივი სიტუაცია, რომ გუნდში ძალიან მაღალი კონკურენცია არსებობს. ამის მეტი არაფერი მითქვამს."

"პუჩი დავარწმუნე, რომ მას ამ კლუბში მომავალი აქვს, თუმცა ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მე მას ვურჩევდი, რომ არენდით წასულიყო. 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელებს, თამაშის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ."
- ციტირებდა გამოცემა Marca რონალდ კუმანის სიტყვებს.

21 წლის ესპანელი ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. მისი მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალიწინებული. ინტერნეტ პორტალი transfermarkt-ი ფეხბურთელს 25 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.