Mundo Deportivo: სუარესი მადრიდის "ატლეტიკოს" შეუთანხმდა

Mundo Deportivo: სუარესი მადრიდის "ატლეტიკოს" შეუთანხმდა კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი შემტევი ლუის სუარესი, შესაძლებელია მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. ფეხბურთელი უწყვეტ კონტაქტზე იმყოფება მადრიდული კლუბის მესვეურებთან. შეგახსენებთ, სუარესი და ტურინის "იუვენტუსი" ახლოს იყვნენ ხელშეკრულების დადებასთან, თუმცა ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ხსენებული ტრანსფერი ვერ შედგა. მიზეზად გარკვეული ვადების დარღვევა დასახელდა. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, ორიოდე დღის წინ "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო შემდეგი შინაარსის განცხადებას აკეთებდა:

"ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ცენტრალური თავდამსხმელი, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე ამჟამად არსებული სიტუაცია არ არის მარტივი. თითოეულ გუნდს მსგავსი გამოწვევები აქვს. ჩვენ არ ვჩქარობთ. რაც შეეხება სუარესს, მას დიდი დრო დასჭირდება იტალიური პასპორტის მიღებისთვის, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი ჩვენი კლუბის ცენტრ-ფორვარდი გახდეს." - ციტირებდა პირლოს სიტყვებს გამოცემა Football Italia.

სუარესი კატალონიურ გრანდში 2014 წლიდან თამაშობს. 2019/2020 წლების სეზონში ურუგვაელმა ფორვარდმა საკლუბო დონეზე მონაწილეობა მიიღო 36 მატჩში, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 10 საგოლე გადაცემა. ფეხბურთელის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.