კლოპი: დიეგოს ძალიან დიდი მომავალი აქვს

კლოპი: დიეგოს ძალიან დიდი მომავალი აქვს "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ პორტუგალიელი ნახევარმცველის, დიეგო ჟოტას გაფორმება.

”უამრავი მიზეზი არსებობს! ეს ის მოთამაშეა, რომელიც მანევრის საშუალებას მოგვცემს. ის 23 წლისაა და დიდი პოტენციალი გააჩნია. ჟოტა სწრაფია, იცის დაცვა, შეუძლია პრესინგი. ეს მას არაპროგნოზირებად ფეხბურთელად აქცევს - მასთან შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სათამაშო სქემა. იგი სავსეა მონდომებით და სპორტული ჟინით."

"ჟოტა პორტუგალიელი ფეხბურთელების იმ ბრწყინვალე თაობის წარმომადგენელია, რომელთა რიგებში ბევრი გამოცდილი მოთამაშეც არის. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ მას "ლივერპულში" ვიხილავ. დარწმუნებული ვარ, იგი შესანიშნავად მოერგება ჩვენს გუნდს ” - ციტირებს კლოპის სიტყვებს ლივერპულის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

სულ რამდენიმე საათის წინ მიცემულ ინტერვიუში, დიეგო ჟოტა თავის პირველ შთაბეჭდილებებზე გვიყვებოდა - "ეს არის განსაკუთრებული გუნდი. მომწონს აქ არსებული ინტენსივობა და მოძრაობა, რომლითაც ლივერპული გამოირჩევა. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი სათამაშო სტილია და მეც სწორედ ამგვარი თამაში მსურს. გასულ სეზონში "ლივერპული" წარმოუდგენელი იყო. იქმნებოდა განცდა, რომ მათ უფრო მეტი მოთამაშე ჰყავდათ მინდორზე, ვიდრე სხვა გუნდებს. იმედი მაქვს, ამ სეზონშიც ასე იქნება.

სალაჰი, მანე და ფირმინო მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არიან. ყოველთვის ცდილობენ გამარჯვება მოიპოვონ. უამრავ გოლს იტანენ და ერთად შესანიშნავად მოქმედებენ. მსურს ამ გუნდის ნაწილი ვიყო, მინდა ამ სამეულში წარმოვჩინდე. ცხადია, ისინი ჩემზე გამოცდილები არიან, ამიტომ პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადავდგა ეს მათგან სწავლაა. იმედი მაქვს, კლუბს დავეხმარები"
- აცხადებდა 23 წლის მარცხენა შემტევი ნახევარმცველი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.