კრისტიან ფალკი: "ბაიერნი" მარიო გიოტცეს დაბრუნებით ინტერესდებოდა

კრისტიან ფალკი: "ბაიერნი" მარიო გიოტცეს დაბრუნებით ინტერესდებოდა მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესებული იყო მარიო გიოტცეს დაბრუნებით, თუმცა საბოლოო ჯამში გერმანიის "რეკორდმაისტერმა" ხსენებული გარიგება გადაიფიქრა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალიკი ავრცელებს.

მარიო გიოტცე მიუნხენურ გრანდში 2013-2016 წლებში თამაშობდა. ფეხბურთელი, მოცემულ მომენტში, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. შესაბამისად მას შეუძლია ნებისმიერ გუნდს სრულიად უსასყიდლოდ შეუერთდეს.


ნახევარმცველის ბოლო კლუბი დორტმუნდის "ბორუსია" იყო. გასულ სეზონში, 28 წლის გიოტცემ მონაწილეობა მიიღო გერმანიის ჩემპიონატის 15 შეხვედრაში (5 მატჩში ძირითად თერთმეტეულში იყო წარმოდგენილი), გახდა სამი გატანილი გოლის ავტორი. მან გერმანიის ნაკრებში 2010 წლიდან 2017 წლამდე ითამაშა. სულ 63 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

ფეხბურთელის ფარშემო განვითარებულ მოვლენებზე ცნობილი სახეები, სხვადასხვა დროს შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდნენ.

ბასტიან შვაინშტაიგერი -"ყველამ მშვენივრად ვიცით, როდესაც მარიო გიოტცე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, იგი ითვლებოდა ძალზედ დიდ ტალანტად და პერსპექტიულ მოთამაშედ. 27 და 28 წელი, ეს ფეხბურთელისათვის საუკეთესო ასაკია. არ არის აუცილებელი მან ევროპის უდიდეს კლუბში იასპარეზოს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, მარიო შეძლებს და მოძებნის გუნდს, სადაც ფეხბურთის თამაშს მოახერხებს."

ტერ შტეგენი -"მარიო - ეს არის ფეხბურთელი რომელმაც იცის, როგორ იმუშავოს ბურთთან. ის ცალსახად მოერგებოდა ლა ლიგას. არ ვიცი გეგმავს, თუ არა იგი შემდგომში ფეხბურთის თამაშს. როდესაც ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს, არასდროს არ ვსაუბრობთ ფეხბურთზე. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მხოლოდ ერთი რამ არის: მიიღოს მან მართებული გადაწყვეტილება და იყოს ბედნიერი. გიოტცე მრავალ კლუბს დაამშვენებდა."

იურგენ კლოპი -"ჩემი აზრით მარიოს ესაჭიროება რამდენიმე მატჩიანი უწყვეტი თამაში. მას სჭირდება კლუბი, რომელიც გაუქარვებს შეგრძნებას, თითქოს ყოველ შეხვედრაში განსაკუთრებული, რამ უნდა ჩაიდინოს. მან უბრალოდ ნორმალურად უნდა ითამაშოს - ყოველ ჯერზე. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ კვლავ ვიხილავთ ძველ გიოტცეს."

"ნათელია, რომ ამ ყოველივეს განხორციელება დორტმუნდის "ბორუსიაში" შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რა ძალას ფლობს ეს გუნდი შეტევაში. მარიო განსაკუთრებულია, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. მე ის ძალიან მომწონს. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ."

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.