«ლოკომოტივმა» მოსკოვის «დინამო» დაამარცხა

«ლოკომოტივმა» მოსკოვის «დინამო» დაამარცხა უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მატჩი გაიმართა თბილისის «ლოკომოტივსა» და მოსკოვის «დინამოს» შორის. საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

შეხვედრა საკმაოდ აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს. მოსკოველები ბურთს დამაჯერებლად ფლობდნენ და გიორგი მამარდაშვილს პრობლემებს უქმნიდნენ. თბილისელები აშკარად მეორე ნომრად თამაშობდნენ და კონტრშეტევაზე საკუთარ მომენტს ელოდებოდნენ.

არაერთი მომენტის მიუხედავად პირველი ტაიმი გოლის გარეშე ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმიც პირველის მსგავსი იქნებოდა, რომ არა 57-ე წუთი. გიორგი გაბაძემ ფლანგიდან პასი კირკიტაძეს გაუკეთა, რომელმაც ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, შუნინმა ბურთი საკმაოდ უხეხრულად მოიგერია და საბოლოოდ მომენტის დასრულება ირაკლი სიხარულიძემ შეძლო.

გაშვებული გოლის შემდეგ მოსკოველები უფრო გააქტიურდნენ, რამაც გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს სივრცეები გაუჩინა. შეხვედრის 76-ე წუთზე შონიას დარტყმული კვლავ უხეიროდ მოიგერია შუნინმა, ხელიდან ასხლეტილ ბურთზე შესანიშნავად ითამაშა მამია გავაშელიშვილმა და ლოკომოტივის სხვაობა ორამდე გაზარდა.

რუსების აქტიურობას 90-ე წუთზე ლოკომოტივის საჯარიმოში წესების დარღვევა და პენალტი მოჰყვა. კომლიჩენკომ მამარდაშვილს ზუსტად დაურტყა და სხვაობის შემცირება მოახერხა 2:1.

მიუხედავად მსაჯის მიერ კომპენსირებული პერიოდისა და უკანასკნელ წუთებზე რუსი ფეხბურთელების აქტიურობისა, ლოკომიტვმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 2:1 დაფიქსირდა.

უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში თბილისური გუნდი ესპანურ გრანადას დაუპირისპირდება. მატჩი 24 სექტემბერს ესპანეთში, ესტადიო ნუევო ლოს კარმენესის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ვულოცავთ თბილისის ლოკომოტივს და ქართველ გულშემატკივარს ამ წარმატებას.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.