რუმენიგე: ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია!

"შემიძლია დავადასტურო, რომ მიუნხენის "ბაიერნმა", ტიაგო ალკანტარას ტრანსფერთან დაკავშირებით ბოლოს და ბოლოს "ლივერპულთან" შეთანხმებას მიაღწია. ტიაგოს დიდი სურვილი ჰქონდა კარიერის მიწურულს ახალი გამოწვევები მიეღო" - ციტირებს "ბავარიელთა" ბოსის სიტყვებს გამოცემა Bild.
პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, გერმანიის "რეკორდმაისტერი" ხსენებულ გარიგებაში 30 მილიონ ევროს ითხოვდა.
ტიაგო ალკანტარა მიუნხენური კლუბის რიგებში 2013 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული. 7 წლის მანძილზე ფეხბურთელმა უამრავი გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა. მათ შორის უმთავრესი კი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული ტრიუმფია.