ტუხელი: ამით ფეხბურთელებს უბრალოდ ვკლავთ

ტუხელი: ამით ფეხბურთელებს უბრალოდ ვკლავთ "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩთან დაკავშირებით. "პსჟ" "მეცს" დაუპირსპირდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა.

პარიზელებმა 65-ე წუთიდან უმცირესობაში ითამაშეს, როდესაც მცველმა აბდუ დიალომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. შეხვედრის ბოლოს მასპინძლები ცხრა კაცით დარჩნენ - ხუან ბერნატის ტრავმის გამო.

”გამარჯვება 9 კაცით 11–ის წინააღმდეგ... არ ვიცი ასეთი რამ მოხდა თუ არა ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ ჩვენ ამას ვიმსახურებდით. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ! პირველ ტაიმში შეგვეძლო რამდენიმე გოლის გატანა, მაგრამ კარგ შანსებს ხელიდან ვუშვებდით და ამის გამო, ძალიან გაგვიჭირდა. ცხრა ფეხბურთელით მოპოვებული გამარჯვება საოცარია. გუნდმა დიდი ხასიათი გამოავლინა.

ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ფეხბურთელებს უბრალოდ ვკლავთ, (იგულისხმება გადატვირთული კალენდარი) ისინი განადგურებულები არიან. მეშინია, რომ ტრავმიანობა მომავალშიც გაგრძელდება” - ციტირებს თომას ტუხელის სიტყვებს გამოცემა Get French Football News.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.