FC Inter News: ვიდალი 14 სექტემბერს სამედიცინო შემოწმებას გაივლის

FC Inter News: ვიდალი 14 სექტემბერს სამედიცინო შემოწმებას გაივლის "ბარსელონას" ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი "ინტერში" გადასვლასთან ახლოს არის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა FC Inter News იუწყება.

წყაროს თანახმად, ტრანსფერზე შესათანხმებლად, უახლოეს მომავალში მხარეები შეხვედრას გამართავენ. სავარაუდოდ, 14 სექტემბერს ჩილელი ფეხბურთელი მილანში ჩავა და სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.

ხსენებულ სიახლეს წინ უსწრებდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვიდალი პირადი კონტრაქტის დეტალებზე, მილანურ კლუბთან უკვე შეთანხმდა. არტუროს წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევრო იქნება (+ ბონუსები), ხელშეკრულება 2 წლის ვადით დაიდება და იგი 2022 წლამდე იქნება გათვალისწინებული. მომავალი კონტრაქტი გახანგრძლივების (1 წელი) ოფციასაც ითვალისწინებს.

არტურო ვიდალი ერთ-ერთია იმ მოთამაშეებიდან, რომელსაც "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი თავის გუნდში ვერ ხედავს. აღსანიშნავია, რომ "ინტერში" თამაშობს ვიდალის თანამემამულე - ალექსის სანჩესიც.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.