ესტონეთი 0 — 1 საქართველო

ესტონეთი 0 — 1 საქართველო ერთა ლიგის მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ესტონეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება მინიმალური სხვაობით ანგარიშით 0:1 დასრულდა.

ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილი გუნდი შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე აქტიურობდა. აღსანიშნავია, რომ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბურთს აკონტროლებდა და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა.

ძირითადად აქტიურობა მაინც მოედნის ცენტრში იგრძნობოდა და დროთადრო ორივე გუნდი ამწვავებდა სიტუაციას.

მთელი მატჩის განმავლობაში ვაისის შეგირდებმა კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს, რომელთაგან ერთი შედეგიანი აღმოჩნდა. მასპინძლებმა გიორგი ლორიას დიდად შეწუხება ვერ მოახერხეს. ესტონელებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, თუმცა ქართველი გოლკიპერი სიტუაციას აკონტროლებდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა 32-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ ნიკა კაჭარავამ მოახერხა.

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ საქართველოს 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიამ ჩვენი მეზობელი სომხეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ცხრილის სათავეში დაიმკვიდრა ადგილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება 8 სექტემბერს თბილისში. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.