მიუნხენის «ბაიერნი» ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა რეკორდმაისტერის ფრანგმა შემტევმა გარემარბმა კინგსლი კომანმა მოახერხა.
კორონა ვირუსის გამო, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშება 1/4 ფინალური ეტაპიდან მოყოლებული 1 მატჩიან ფორმატზე გადავიდა. შეხვედრები ცარიელი ტრიბუნების ფონზე ნეიტრალურ სტადიონზე ლისაბონში იმართებოდა.
მიუნხენის «ბაიერნი» ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მეექვსედ გახდა. ამ მაჩვენებლით ბავარიელები გასული წლის ტრიუმფატორს «ლივერპულს» გაუთანაბრდნენ. რეკორდმაისტერმა წარსულში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება 1974, 1975, 1976, 2001 და 2013 წლებში მოახერხა.
მიუნხენის «ბაიერნსა» და «ლივერპულზე» მეტჯერ ჩემპიონთა ლიგა მოგებული «მილანს» (7-ჯერ) და «რეალს» (13-ჯერ) აქვთ.
უეფას სუპერთასზე მიუნხენის «ბაიერნი» ევროპის ლიგის გამარჯვებულს «სევილიას» დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ბუდაპეშტში 24 სექტემბერს გაიმართება.
«პსჟ» (საფრანგეთი) — «ბაიერნი» (გერმანია) — 0:1 (0:0)
გოლი: კინგსლი კომანი 59'