რუმენიგე: ალაბასთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ

"ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ახსნა, ჩვენ წინადადება უკან გამოვიხმეთ, ვინაიდან შეთავაზება ალაბამ არ მიიღო. რა თქმა უნდა, დავიდ ალაბა კარგი ფეხბურთელია, რომელიც "ბაიერნში" გაიზარდა." - ციტირებს გამოცემა Abendzeitung-ი კარლ ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.
ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის წინ კომენტარს აკეთებდა "ბაიერნის" მმართველი საბჭოს წევრი ოლივერ კანიც - "მოცემულ მომენტში ვერ წამომიდგენია რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" დავიდ ალაბასთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ჩვენ მას წითელი ხალიჩა გავუშალეთ და მაქსიმალურად მომგებიანი პირობები შევთავაზეთ. ამაზე მეტი უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. მიუხედავად ამისა, დავიდს და განსაკუთრებით მის აგენტს პინი ზაჰავის, არ მოუნდათ ამ ხალიჩაზე სიარული. როგორც ჩანს, ამჟამად დავიდი ახალი კლუბის ძიებაშია. ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ." - აღნიშნავს კანი გამოცემა Sport Bild -თან საუბრის დროს.
დავიდ ალაბას მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს იწურება. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი ავსტრიელ მცველს 65 მილიონ ევროდ აფასებს.