საქართველო სომხეთთან დამარცხდა

საქართველო სომხეთთან დამარცხდა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში სომხეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა თბილისში, მეზობლებს შორის დაპირისპირებაში ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული შეხვედრისგან განსხვავებით სლოვაკმა მწვრთნელმა შეხვედრა გადახალისებული შემადგენლობით დაიწყო. პირველივე წუთებიდანვე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა, თუმცა იერიშის შედეგიანად დასრულება ვერ მოხერხდა.

შეხვედრის პირველ ნახევარში აქტიურობით გამოირჩეოდნენ ზურიკო დავითაშვილი და საბა ლობჟანიძე, რომლებმაც ფლანგებიდან სომხეთის ეროვნულ ნაკრების საჯარიმოში რამდენიმე მწვავე შეტევა შეასრულეს.

სამწუხაროდ, შეხვედრის 33-ე წუთზე სომეხმა ფეხბურთელებმა კონტრშეტევაზე იმარჯვეს, მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ გევორქ ღაზარიანმა საკუთარი გუნდის დაწინაურება მოახერხა.

შეხვედრის მეორე ნახევარიც ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო, სომხები კი კვლავ კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშს.

მატჩის 64-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძის აქტიურობას მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოში სომეხი ფეხბურთელების მხრიდან უხეშობა მოჰყვა და არბიტრმაც პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმის ზუსტად შესრულება ყაზაიშვილმა მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე ქართველი მცველების შეცდომით შესანიშნავად ისარგებლა ადამიანმა და სომხეთის ეროვნული ნაკრები კვლავ წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა წონასწორობის აღდგენა ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა სომხეთის გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.

მეზობელთან პრინციპულ დაპირისპირებაში სამწუხარო მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში გადასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა. ვლადიმერ ვაისის გუნდი მორიგ მატჩს ესტონეთის წინააღმდეგ 18 ნოემბერს გამართავს.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.