UEFA: ლაუტარო მარტინესი კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

UEFA: ლაუტარო მარტინესი კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა მილანის "ინტერის" შემტევი ლაუტარო მარტინესი, ევროპის ლიგის ტურნირზე, კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ევროპის ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს მილანის "ინტერი" და დონეცკის "შახტარი" ერკინებოდა, მარტინესი ორი გატანილი გოლით და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. მთლიანობაში კი ინტერმა ის შეხვედრა დიდი ანგარიშით 5-0 მოიგო. ხსენებული პრიზისათვის ბრძოლაში ასევე სახელდებოდნენ შემდეგი ფეხბურთელები : იასინ ბონო (სევილია), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი) და რომელუ ლუკაკუ (მილანის "ინტერი")

ევროპის ლიგის დასკვნით შეხვედრაში, მილანის "ინტერი" "სევილიას" შეხვდება. მატჩი 21 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ კიოლნშია ჩანიშნული. ხსენებული ფინალური პაექრობა "რეინ-ენერჯი" არენაზე სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.

ლაუტარო მარტინესი მილანის "ინტერის" რიგებში 2018 წელს გამოჩნდა. უფრო ადრე იგი არგენტინული "რასინგის" ღირსებას იცავდა. მილანურ კლუბს აღნიშნული ტრანსფერი 25 მილიონი ევრო დაუჯდა. გასულ სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა სერია ა-ს 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 14 გატანილი გოლის და 3 შედეგიანი გადაცემის ავტორი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.