«ბორჯღალოსნები» «შოტლანდიას» მეხუთედ დაუპირისპირდებიან

«ბორჯღალოსნები» «შოტლანდიას» მეხუთედ დაუპირისპირდებიან ერთა თასის შემოდგომის სერიის დაწყებამდე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს: 23 ოქტომბერს მარფილდზე შოტლანდიასთან და 1 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე Rugby Europe-2020 ეგიდით რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან.

შოტლანდია ბორჯღალოსნებისთვის კარგად ნაცნობი გუნდია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიას ოთხჯერ შეხვდა.

პირველი დაპირისპირება 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა. წლების წინ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოწინააღმდეგეს არცერთი ლელო არ დაადებინა, თუმცა შოტლანდიამ გამარჯვება საჯარიმო დარტყმებით ანგარიშით 15:6 მოიპოვა.

ეს შედეგი საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველია, როდესაც ბორჯღალოსნებმა პირველი დონის გუნდთან არცერთი ლელო არ გაუშვეს.

2016 წელს შემოდგომის ტესტ-მატჩების ეგიდით შოტლანდიამ საქართველოს კილმარნოკის სტადიონზე უმასპინძლა და ანგარიშით 43:16 გაიმარჯვა, თუმცა ბრიტანელებს იმდენად მოეწონათ ბორჯღალოსნებთან თამაში, რომ იქვე გამოაცხადეს თბილისში თამაშის სურვილის შესახებ ინფორმაცია.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შოტლანდიამ დანაპირები შეასრულა და პირველი გუნდი გახდა პირველი დონის რაგბის გუნდებიდან, რომელიც საქართველოს ეწვია. სავსე ტრიბუნების ფონზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ნამდვილი სარაგბო სანახაობა იყო, რომელიც სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით 44:10 დასრულდა.

აღნიშნული შეხვედრიდან 1 კვირაში საქართველო ედინბურგში მარფილდის სტადიონზე შოტლანდიას ეწვია. თბილისში გამართული მატჩისგან განსხვავებით ბორჯღალოსნების თამაშის ხარისხი აშკარად უკეთესი იყო, თუმცა ბრიტანელებმა 36:9 გაიმარჯვეს.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.