«ლივერპული» და «მანჩესტერი» გუნდების შემცირებას ითხოვენ

«ლივერპული» და «მანჩესტერი» გუნდების შემცირებას ითხოვენ The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლივერპულისა და მანჩესტერ იუნაიტედის მესვეურები პროექტზე მუშაობენ, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგაში 20 გუნდის ნაცვლად 18 გუნდის მონაწილეობას გულისხმობს.

წყარო იტყობინება, რომ ორივე გუნდის ხელმძღვანელობას ინგლისის ჩემპიონატის სხვა გრანდების: მანჩესტერ სიტის, არსენალის, ლონდონის ჩელსისა და ტოტენჰემის მხარდაჭერის იმედი აქვს.

გუნდების რაოდენობის შემცირების გარდა პროექტის მიხედვით უნდა შეიცვალოს შემოსავლების განაწილების სქემაც: 250 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაეცემა ინგლისის საფეხბურთო ლიგას (პირველი, მეორე და მესამე დივიზიონი), ხოლო 100 მილიონი ფუნტი - ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას კორონა ვირუსთან საბრძოლველად.

პროექტის მიხედვით ყოველწლიური შემოსავლების 25% საფეხბურთო ლიგის გუნდებს შორის უნდა განაწილდეს.

ახალი პროექტი გვთავაზობს ინგლისის ლიგის თასისა და ინგლისის სუპერთასის გაუქმებას, ასევე ჩემპიონშიპიდან პრემიერ ლიგაში გამსვლელი გუნდების 3-დან 2-მდე შემცირებას. ხოლო გუნდები, რომლებიც მესამედან მეხუთე პოზიციაზე გავიდნენ ელიტარულ დივიზიონში მოსახვედრად პლეი-ოფს ითამაშებენ პრემიერ ლიგის დანარჩენ 16 გუნდთან ერთად.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.