საქართველომ ბელარუსი დაამარცხა

საქართველომ ბელარუსი დაამარცხა დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი გაიმართა. უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია.

ერთა ლიგის ნახევარ-ფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებისთვის საუკუნის შეხვედრა იყო. სასწორზე ევროპის ჩემპიონატის საგზური იყო და შესაბამისად მატჩი საკმაოდ ემოციური გამოდგა.

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა. მიუხედავად ცარიელი ტრიბუნებისა ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. მატჩის მე-7 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი პასი გაუკეთა ნაკრების მე-10 ნომერს, რომელზეც ბელარუსებმა იუხეშეს და თურქმა არბიტრმა თერთმეტ მეტრიანი დანიშნა.

პენალტის რეალიზება ზუსტად თავად ოქრიაშვილმა მოახერხა და როგორც საბოლოოდ გაირკვა მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა. შეხვედრის მიმდინარეობისას ქართველებს არაერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა მეტჯერ ხატკევიჩის კარის აღება ვეღარ შეძლეს.

ამრიგად ჩვენი ნაკრები ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებული იქნება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.