თბილისი «დინამო» «ტირანას» დაუპირისპირდება

თბილისი «დინამო» «ტირანას» დაუპირისპირდება 19 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო 1/8 ფინალური ეტაპის ფარგლებში თბილისი «დინამო» საკუთარ მოედანზე - «ტირანას» უმასპინძლებს.

«დინამო»

საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პირველი 10 მატჩის შემდეგ თბილისის «დინამო» სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე იმყოფება: ხუთი გამარჯვება, ოთხი ფრე და ერთი მარცხი. ჯამური სხვაობა გატანილსა და გაშვებულ ბურთებს შორის 16-4.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში კახაბერ ჩხეტიანის გუნდს ყველაზე ნაკლები ბურთი აქვს გაშვებული.

«ტირანა»

«ტირანა» ალბანეთის მოქმედი ჩემპიონია. ბოლო შეხვედრა 2 აგვისტოს გამართეს და ალბანეთის თასის ფინალში დამარცხდნენ. სათამაშო ტონუსით თუ ვიმსჯელებთ უპირატესობა აშკარად თბილისელთა მხარესაა.

ბოლო შვიდი გასვილითი შეხვედრიდან ტირანამ მხოლოდ ერთხელ შეძლო გამარჯვების მოპოვება, ხოლო ოთხჯერ დამარცხდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლოს გამართულ შეხვედრებში ტირანამ ვერცერთხელ ვერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა, ხოლო უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 3-ში მინიმუმ 2 ბურთი გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის «დინამოსა» და «ტირანას» დღევანდელი დაპირისპირება რევანშ-მატჩი იქნება. ნახსენები გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2003/04 წლებში დაუპირისპირდნენ და ორივე გუნდის ანგარიშზე თითო-თითო გამარჯვებაა.

კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიური სიტუაციის გამო თბილისელ გულშემატკივარს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მისვლა არ შეეძლება და შეხვედრაც ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება.

თბილისის «დინამოსა» და «ტირანას» მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.