La Gazzetta dello Sport : ვიტალი მიკოლენკო "ნაპოლის" რადარზეა

La Gazzetta dello Sport : ვიტალი მიკოლენკო "ნაპოლის" რადარზეა უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ კიევის "დინამოს" მცველი ვიტალი მიკოლენკო "ნაპოლის" ინტერესის სფეროში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა La Gazzetta dello Sport ავრცელებს. წყაროს მტკიცებით,  იტალიური კლუბი მარცხენა უკანახაზელის ძიებაშია, რათა შიდა კონკურენცია გაზარდოს. შეგახსენებთ, ამ პოზიციაზე ნეაპოლელებს პორტუგალიელი ლეგიონერი - მარიო რუი ჰყავთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" მესვეურებმა უკრაინელ კოლეგებს, ხსენებული გარიგების განსახორციელებლად 10 მილიონი ევრო შეთავაზეს. თუმცა თავად კიეველები აღნიშნულ ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს ითხოვენ. იტალიელები ალტერნატიულ კანდიდატად მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს - სერხიო რეგილონს მოიაზრებენ. თუმცა ამ ფეხბურთელთანაც გარიგება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხსენებულ შესაძლო ტრანსფერში "ნაპოლი" 15 მილიონ ევროს ჩამოდის, მაშინ როდესაც "რეალი" 25 მილიონს მოითხოვს.

რაც შეეხება 21 წლის ვიტალი მიკოლენკოს. იგი კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელია. განვლილ სეზონში მან უკრაინის ჩემპიონატის 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა სამი გატანილი გოლით და ოთხი შედეგიანი გადაცემით. მისი მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.