«მიუნხენის ბაიერნი» უეფას სუპერთასის გამარჯვებულია

«მიუნხენის ბაიერნი» უეფას სუპერთასის გამარჯვებულია უეფას სუპერთასის ფინალში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გასული წლის გამარჯვებული «მიუნხენის ბაიერნი» და ევროპის ლიგის ტიტულის მფლობელი «სევილია» დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ჰანსი ფლიკის გუნდმა გამარჯვების მოპოვება დამატებით დროში მოახერხა.

როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყო გერმანულმა გრანდმა. ჰანსი ფლიკის შეგირდები ბურთს აკონტროლებდნენ და მომენტების შექმნას ცდილობდნენ. «სევილიამ» მეორე ნომრად თამაში არჩია და კონტრშეტევებზე საკუთარ მომენტებს ელოდებოდა.

შეხვედრის მე-13 წუთზე ინგლისელმა არბიტრმა ტეილორმა პენალტი დანიშნა, რომლის რეალიზებაც ოკამპოსმა აიღო თავის თავზე და «სევილია» დააწინაურა 1:0. «რეკორდმაისტერმა» წონასწორობის აღდგენა 34-ე წუთზე მოახერხა. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი საუცხოოდ დაამუშავა რობერტ ლევანდოვსკიმ, პასი ლეონ გორეცკას გაუკეთა, რომელსაც მომენტის დასრულება აღარ გასჭირვებია 1:1.

ძირითად დროში მიუნხენელებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს, თუმცა არცერთი არ ჩაითვალა. პირველ შემთხვევაში რეკორდმაისტერის პოლონელი ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლიც სამართლიანად გაუქმდა, ხოლო მეორე ბურთი რატომ არ ჩაითვალა ბუნდოვანი დარჩა.

მიუხედავად არაერთი მომენტისა გუნდებმა ძირითადი დრო ფრედ 1:1 დაასრულეს. «მიუნხენის ბაიერნს» გამარჯვება 104-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბასკმა ლეგიონერმა მოუტანა. კვლავ სტანდარტი გამოიყენა ჰანსი ფლიკის გუნდმა და ხავი მარტინესის თავური დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა 2:1.

რეკორდმაისტერმა უეფას სუპერთასის ტიტული 2013 წლის შემდეგ, წელს მეორედ მოიპოვა. ჰანსი ფლიკის გუნდს წინ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ტურნირი ელის.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.