დე ხეა: განვითარება უნდა განვაგრძოთ

დე ხეა: განვითარება უნდა განვაგრძოთ მანჩესტერ "იუნაიტედის" კარის დარაჯი დავიდ დე ხეა, საკუთარ კონდიციებზე და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, "იუნაიტედი" სწორ გზაზე დგას, გამოცდილებას აგროვებს და მომავალ სეზონში ტიტულებისთვის აუცილებლად იბრძოლებს.

"მე მჯერა საკუთარი თავის. მთელი ამ დროის მანძილზე მუდამ შესაბამის ხარისხს ვაჩვენებდი, სწორედ ამიტომ მწვრთნელი ყოველთვის მენდობოდა. სათამაშოდ და საკუთარი გუნდის დასახმარებლად, ყოველთვის მზად ვარ. ვფიქრობ ამ სეზონში ჩვენი გუნდი გაუმჯობესდა. ინგლისის პრემიერ ლიგაში მესამე ადგილოსანს 14 ქულით ჩამოვრჩებოდით, თუმცა მაინც მოვახერხეთ და სეზონის ბოლოს სამეულში მოვხვდით. ჩვენ ვიმსახურებდით, ევროპის ლიგის ფინალში გასვლას, ამის გულწრფელად მჯერა. თუმცა, ალბათ გარკვეული გამოცდილება გვჭირდება. საკუთარი შანსების რეალიზება უნდა შევძლოთ. მიმაჩნია, რომ კარგად ვთამაშობთ, ვდემონსტრირებთ შემტევ ფეხბურთს. უნდა განვაგრძოთ სრულყოფილებისკენ სვლა, უნდა განვაგრძოთ ამ კლუბისათვის ბრძოლა და ვეცადოთ, რომ მომდევნო სეზონში ტიტულები მოვიპოვოთ."-ციტირებს გამოცემა ESPN დე ხეას სიტყვებს.

შეგახსენებთ, ევროპის ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში "წითელი ეშმაკები" საფეხბურთო კლუბ "სევილიასთან" დამარცხდნენ. ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს მილანის "ინტერი" და "სევილია" დაუპირისპირდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.