ედინსონ კავანი: «ბენფიკაში ასპარეზობით ბედნიერი ვიქნები»

— როგორც «ბენფიკას» ასევე სხვა კლუბების წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა. ჯერ-ჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, ასე რომ ზუსტად ვერ გეტყვით მიღწეულია თუ არა შეთანხმება. როდესაც თავად გუნდი დაადასტურებს, მაშინ გახდება ყველაფერი ნათელი.
«ბენფიკა» — დიდებული კლუბია, რომელიც რეგულარულად ასპარეზობს ევრო ტურნირებზე, ბევრ ურუგვაელს უთამაშია აქ. როგორ შეიძლება ასეთმა გუნდმა არ მომხიბლოს? თუ პორტუგალიურ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მომეცემა ძალიან ბედნიერი ვიქნები.
2019/20 წლების სეზონში 33 წლის ურუგვაელმა «პსჟ»-ს მაისურით ჯამში 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლისა და სამი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა. პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება კავანის ამოეწურა და ამ მომენტისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსით განაგრძობს ახალი გუნდის ძიებას.
transfermarkt-ის ცნობით ედინსონ კავანის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს. ამავე წყაროს ინფორმაციით დაინტერესებულთა შორის მიუნხენის ბაიერნიცაა.